Thursday, May 19, 2011

უკან, ბავშვობაში....



მეგონა, რომ მზე მეზობელი კორპუსის სახურავიდან ამოდიოდა და გელა ძიას გარაჟის თავზე იძინებდა....
მეგონა, რომ მაღაზიაში თუ შევიდოდი, გამყიდველს უეჭველი ხურდა უნდა მოეცა (იმის მიუხედავად მეკუთვნოდა თუ არა)...
მეგონა, რომ ვინც ჩემთან სახლში მოვიდოდა აუცილებლად კამფეტები უნდა მოეტანა (მაგის გარეშე არ შემოვუშვებდი)....
მეგონა, რომ თოჯინებიც ცოცხლები იყვნენ და შუაღამემდე არ ვიძინებდი, უბრალოდ თვალებს ვჭუტავდი და ჩემი ჭკუით ვატყუებდი, რომ ამოძრავებულიყვნენ (ეს იმის მერე რაც toy story-ს ვუყურე)...
მეგონა, რომ ლიფტში თუ მარტო შევიდოდი ბუა შემჭამდა (ზედმეტად ცელქი მეზობლის დიდი ბავშვის გავლენით, ამის გამო 12 წლამდე ლიფტში მარტო ვერ შევდიოდი)...
მეგონა, რომ დედიკოს ჩანთაში სულ კამფეტები ელაგა და ამის გამო ბევრი რაღაცეები ეკარგებოდა....

მჯეროდა, რომ დედიკომ კამოდის უჯრაში მიპოვა, როცა პირსახოცს ეძებდა...
მჯეროდა, რომ თოვლის პაპა არსებობდა და საჩუქრებს ყოველთვის ნაძვის ხის ქვეშ მიტოვებდა....
მჯეროდა, რომ ნაძვის ხე ახალი წლის შემდეგ თავისით იხსნიდა სათამაშოებს, ყუთში ტოვებდა და ხეში მიდიოდა....
მჯეროდა, რომ თუ თვალებს დავხუჭავდი და ძალიან ძალიან ვინატრებდი, ფრენა შემეძლო (ამის გამო ხშირად ჭამისას მეძინებოდა)
მჯეროდა, რომ დედიკოს პომადას თუ წავისმევდი ტუჩები მომძვრებოდა (ეს იმის შემდეგ რაც ფრანგული პარფიუმერია თითქმის გავუნადგურე :D) ...
მჯეროდა, რომ მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო მამიკო და დედიკო მყავდა (ეხლაც მჯერა და უფრო მეტადაც)
ტელევიზორში, სერიალში, კოცნის სცენა როცა იყო, თვალებზე ხელს ვიფარებდი და ოთახიდან გავრბოდი...
მიხაროდა, როცა შუქი ქვრებოდა, იმიტომ რომ მერე ყველა მეზობელი ჩვენთან მოდიოდა და კარგად ვერთობოდით...
მიხაროდა, როცა ავად ვიყავი და ბაღში არ მივდიოდი...
მიხაროდა, როცა დედიკო ბაბოლის კევს მომიტანდა...
მიხაროდა, როცა სოფელში, ბიძასთან მივდიოდი, იმიტომ რომ იქ ბევრი ცხენები, ძაღლები და კატები იყვნენ...
P.S მომენატრა ბავშვობა....

No comments:

Post a Comment