Sunday, July 31, 2011

მომენატრე


როგორ მინდა ეს პოსტი ეხლა ვინმე სულელ ბიჭზე იყოს რომელიც მომწონს ან მიყვარს და შენზე არ ვწერდე ასე ტკივილიანად... არადა მიწევს შენზე დაწერა, ჩემს სისხლზე და ხორცზე რომელიც აგერ უკვე 6 წელია აღარ მინახავს...
იცი როგორ მომენატრე? უაზროდ...ტკივილამდე...ავიტან იმას რომ შენ ვერ გნახულობდი ამდენი ხანი...იმასაც ავიტან რომ შენი სახეც დამავიწყდა...მაგრამ იმ აზრს ვერ ვიტან რომ შენ მანდ იტანჯები, ავად ხარ და მე ვერაფრით ვერ გიშველი. ვერ მოგეხვევი ვერ ჩაგეხუტები და ვერ გეტყვი რომ მიყვარხარ.
არ მესმის ადამიანების, რომლებიც ამბობენ რომ პატიმრები ადამიანები აღარ არიან. ალბათ არ იციან რომ ამ ,,პატიმრებს" გარეთ ყავთ მშობლები, დები, ძმები, მეგობრები....რომლებსაც მათ გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოუდგენიათ. ციხეშიც არიან ადამიანები, ბევრად უფრო კარგები და უფრო ,,ადამიანები" ვიდრე გარეთ. არ ვამბობ რომ ყველა უდანაშაულოა, მაგრამ ყველას აქვს უფლება რომ გამოსწორდეს...
აუ რომ გამოხვალ, იცი როგორ ჩაგეხუტები? აგეკრობი და ბევრს...ძალიან ბევრს ვიტირებ. იცი დღემდე ერთი მოგონება მაქვს შენზე შემორჩენილი – მე, ჭრელკაბიანი, პატარა გოგო ვზივარ ციხის პაემნებისთვის განკუთვნილ სკამზე და გელოდები...უსასრულოდ ველოდები როდის შემოაღებ კარს და ჩამეხუტები. ჩახუტებისას ცრემლებს ვერცერთი ვერ ვიკავებთ, მერე კალთაში გიზივარ, ტკიპასავით მიკრობილი და ცრემლები თავისით მოგორავენ ლოყაზე. შენ საკუთარი ხელებით იხსნი ციხეში გაკეთებულ ხის ჯვარს და მეუბნები ,,იცი, მე ამ ჯვარს ყველაზე ძვირფას ადამიანს ვაჩუქებ" ,,ვის?" ,,შენ" და გაოცებულს შენი ხელით მიკეთებ ყელზე. მერე იმ ჯვარს პაწია ხელს მაგრად ვუჭერ და კიდევ უფრო გეხუტები. ამ მოგონებით ცოცხლობ ჩემში. შენ სულ ჩემთან ხარ...სულ შენზე ვფიქრობ, ადვოკატობაც იმიტომ მინდოდა რომ შენ გამომეყვანე ციხიდან.... იცი ის ჯვარი იმ დღის მერე აღარც მომიხსნია და როცა ძალიან მომენატრები, როცა შენი სახე გაფერმკრთალებას იწყებს მოგონებებში, შენს მაგივრად ამ ჯვარს ვეფერები ხოლმე.... მომენატრე...უზომოდ...უაზროდ...